გაქვს სურვილი გქონდეს ღირებული ცხოვრება მაგრამ ამ ყურის-წამღებ ხმაურში ვერ გაგიგია როგორ? ან რა არის ღირებული?

გამიშრა კალამი, აზრი გამიწყდა და ვერ ვუყრი თავს სიტყვებს. ხიდი ჩამიტყდა ჩემს აზრებს, შეგრძნებებსა და ენას შორის.

სად დამრჩა ის ბობოქარი, ურჩი აზრთა ნაკადი?

ბოლო წლები თითქოს ნახევრად-მძინარე მდგომაეობაში გავატარე, იმ სიამეებს დავეწაფე რაც დალაგებულ ფინანსურ მდგომარეობას მოაქვს ცხოვრებაში.

არ მაქვს საუბარი ჰედონისტურ ცხოვრებასა და საროსკიპოებზე.

უფრო ალბათ იმ ბავშვური სურვილების დაკმაყოფილებაზე რაც აუსრულებელი დამრჩა, შეზავებული შემდგომ მოზარდობის ფიქრებში.

მოგზაურობა კარგია, მაგრამ შეიძლება ითქვას იქამდეც არ ვიკლებდი მოგზაურობას.

უფრო მეტიც, ერთი დრო, სივრცე და სამყარო არ არსებობდა, უსასრულო იყო ჩემი მოგზაურობები.

დიახ, წიგნებზე მაქვს საუბარი.

მხატვრულ ლიტერატურაზე.

სეტემბრინის მოსწავლეობასა და შოშას ტრფობაში გამიტარებია ათწლეული, ბოროდინოს ბრძოლაში ჯარისკაციც ვყოფილვარ, ნაპოლეონიც და თავადი ბაგრატიონიც. სმერდიაკოვის მამაც ვყოფილვარ, ძმაც და მსხვერპლიც, სმერდიაკოვობის რა მოგახსენოთ. მიპოვია საგანძური, მკვდრად გავპარულვარ ციხიდან და ნელი შურისძიების ცქერით დავმტკბარვარ. მოღალატეც ვყოფილვარ, მკვლელიც, გვამიც და ნაღალატევიც. აგატას სატრფოობაზეც არ მითქვამს უარი. იდიოტიც ვყოფილვარ და დემონიც.

ო, რა სასიამოვნოა წერა, თითქოს იცლები, მაგრამ ავადროულად გავსებს თითოეული ასო, რაც არ უნდა უაზროდ თუ უსარგებლოდ აღიქვამდე საკუთარ ხვნა-თესვას.

გავაგრძელოთ მოგზაურობა?

არ მინდა.

უფრო ერთ გულის ჩაწყვეტამდე სამწუხარო ამბავზე მინდა გესაუბროთ.

გვყავდა მეგობრები, ამ მეგობრებს ჰქონდათ აზრები, ხან საინტერესო, ხან უინტერესო, მაგრამ ეს აზრები იყო პირადი.

ალბათ იმიტომ რომ ადამიანები ადრე ვფიქრობდით.

ლაპარაკი, ლაპარაკი, ლაპარაკი, ლაპარაკი, ლაპარაკი, ლაპარაკი! ხმაური! ხმაური და არა სიჩუმე, არა მოსმენა.

კომპოზიტორმა თქვა მუსიკა ნოტებს შორის სიჩუმეაო.

აზრიც ალბათ სიტყვებსა და წინადადებებს შორის პაუზებია. რაც ნაკლებს ვიტყვით მიტ მეტს ვამბობთ, მაგრამ ჩვენ დღევანდელ სალაპარაკო ენას აღარ აქვს ეს თვისება.

უნდა იხმაური, იყვირო, იბილწო და როდესაც ხალხის საკმარის რაოდენობას გააღიზიანებ თუ შეაშფოთებ შემდგომ ჩნდება განცდა იმისა რომ ვიღაცამ მოგისმინა. რეალობა-კი ისაა რომ უბრალოდ 5 წუთით სხვებზე ხმამაღლა იყვირე, გადაფარე სხვათა ხმაური და შენი ყურის-წამღები, სიცრუესა და მანიპულაციის ნაბადში გახვეული სიტყვის საპასუხოდ წამოვიდა სხვა უსულო, აზრ-გამოცლილი, გაღატაკებულ გონებებზე მობმული ენა-თქმა.

გონებებზე რომლებიც ქვევრებად, ვიღაცის იარაღად ქცეული ბოღმისა და სიძულვილის ექოებად რომ იქცნენ. თან ისე რომ ვერც კი გაგვიგია დაგეშილ ქოფაკებად რომ ვიქეცით, ხან რომელს გაგვაგლჯინებენ ტოტიასავით და ხან რომელს. თან გვგონია რომ სიმართლის, კაცობისა და ღმერთის მხარეს ვდგავართ.

არ ვიცი, აიჭრა გონებაც და აზრიც, სულ სხვაგვარად დავიწყეთ და გაურკვევლი მიმართულებით გაიქცა კალამი.

ხმაურში ერთმანეთს ვერ მოვუსმენთ, ერთმანეთისას ვერ გავიგებთ და ინტერნეტში აღარაფერი დარჩა გარდა ხმაურისა.

ამ ხმაურს კი ახლა ახალი, ყველაზე მძლავრი დინამიკი დაემატა და ეს იარაღი უფრო მიზანმიმართულად გამოიყენება ყოფილ სოც. ქსელებში სიყალბის, სიძულვილის, ბოღმის გასავრცელებლად. აქამდე თუ ავად თუ კარგად გაურკვევლი მოტივების ადამიანები იწვევდნენ საზოგადოებას სეირში ჩასართველად, ახლა უკვე ავტომატიზირებულ ანგარიშებთან მოგვიწევს გამკლავება, თან ისე რომ გეგონებათ ადამიანს ესაუბრებით. იქამდე სანამ არ გავიაზრებთ ცივილიზავია რომ სოც. ქსელების დრო დასრულებულია და დროა წინ გადავდგათ ნაბიჯი ისევ მეგობრებისა და ახლო წრის მოსმენისკენ.